ISIS-ის მუქარა: “საქართველოში ჩამოვალთ” – რატომ დაიბარეს “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი სუს-ში?!

260

გაზეთ “კვირის პალიტრის” 4-10 ივლისის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: ISIS-ის მუქარა პანკისის “ჯამაათს” – ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან – “ისლამური სახელმწიფოს” ბუნაგიდან”, სადაც ISIS-ის წევრები პანკისის ”ჯამაათის” მიმართ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს შესახებ საუბრობდნენ.

“კვირის პალიტრამ” ორი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ბოლო დროს რაკკაში სპეციალ­უ­რად “პანკისის ჯამაათისთვის” ჩაიწერა. ორივე ულტიმატუმის და მუქარის შემცველია. პირველი აუდიოჩანაწერი მაისის ბოლოს უნდა იყოს გაკეთებული. ჟურნალისტის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის ავტორი ვინმე გუმაშვილია, მეტსახელად “ადამა”. მეორე მიმართვის ავტორი რუსლან ტოხოსაშვილი – ჰამზა, იყო თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრი, მისი უახლოესი ნათესავი, ამჟამად ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების ლიდერია. მიმართვის ადრესატები “ურჩი” ჯამაათის გარდა, მისი ნათესავებიც არიან.

გთავაზობთ ამონარიდს მიმართვიდან:

“მოციქულის დროს რელიგიის გამო მამა შვილს კლავდა, ძმა – ძმას… ჩემზე და ჩემს ძმებზე რომ ჭორაობთ, თქვენ არ ხართ ჩემი ნათესავები, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება, თუ ერთად არ ვიქნებით. საკმარისად გელოდეთ, იქნებ აზრზე მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ უკვე დროა, გამოსწორდეთ და ბაიათი მისცეთ და ღმერთის გზაზე დადგეთ, თუ არადა, მტრები გავხდებით. აქ ყოველდღე ბიჭები იღუპებიან და სისხლი იღვრება… ახლა თუ არ ჩამოხვალთ, როდისღა უნდა ჩამოხვიდეთ? გეფიცებით, დღემდე გელოდებოდით, თქვენთან ნათესაობაც მინდოდა. მაგრამ… იცოდეთ, აუცილებლად ინანებთ. დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ, ჩეჩნეთში ჩამოვალთ, ჩვენ თუ არა, ჩვენი ძმები მოვლენ. მე არ გაშინებთ. კარგად იცით, რომ თუ მანდ ჩამოვედით, აუცილებლად ინანებთ და იმ წუთშივე მოგვცემთ ფიცს, და ეს კარგად იცით”.

გაზეთში გამოქვეყნებულ ზემოთხსენებულ სტატიასთან დაკავშირებით, სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

ნინო ბურჭულაძე, “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი მისვლის მიზეზი “კვირის პალიტრის” 4 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ჩემი სტატია იყო, სადაც საუბარია ექსკლუზიურ აუდიოჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ რაკკადან არის გამოგზავნილი. ეს არის 2 აუდიომიმართვა, რომელიც კონკრეტულად “პანკისის ჯამაათზეა” გათვლილი. გამომძიებელთან საუბარი სწორედ ამ სტატიის ირგვლივ იყო. მე რა თქმა უნდა, არ დავასახელე ჩემი წყარო, ანუ აუდიოჩანაწერების მომწოდებელი პირი, ამის უფლება მაქვს, თუმცა მათივე თხოვნით მოვასმენინე ეს აუდიოჩანაწერები”.

წყარო

Newstime