ჯეჯელავა პედაგოგებს: ”ყველას სათითაოდ გიხდით ბოდიშს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს”

83

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებს ბოდიშს უხდის. ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

”გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში – მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის ”დიდი, დიდი, დიდი ბოდიში” და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. რისთვის გიხდით ბოდიშს? – ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც მასწავლებლებმა აღნიშნული სიტყვა ტაშით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს. ჯეჯელავას თქმით, ”მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე” და ის აპირებს სიტუაციის გამოსწორებას.

Newstime