“ოცნება” და “ნაციონალები” ერთმანეთის გარეშე უკვე დაშლილები იქნებოდნენ”

112

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ჩატარებული ყველა კვლევა მხოლოდ დამკვეთების საამებლად ტარდება და ბოლო დღეებში “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევები ერთმანეთთან ვაჯიბრებას უფრო ჰგავს, ვიდრე იმას, რომ მათ რეალური სურათის დანახვა სურთ. ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი სახის ცრუ კვლევები, რომლითაც პარტიები საკუთარი თავის წარმოჩენით და განდიდებით არიან დაკავებულები, საზოგადოებაში აგრესიას იწვევს და უკუქმედების ეფექტი აქვს. მისი აზრით, ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, არ იცის, ხმა ვის მისცეს, არჩევნებზე ჯიბრით წავა, რომ ამ ორი პარტიიდან არცერთი არ შემოხაზოს. “მთელი კვირა”: გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაცია პალ-ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც, “ქართულ ოცნებას” 22,4% აქვს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” 21,7%. როგორ ფიქრობთ, ეს მონაცემები შეესაბამება რეალობას? სოსო ცისკარიშვილი: ადამიანი გულთმისანი უნდა იყო, რომ მაგ თემაზე ზუტი პასუხი გასცე. ბევრს საკუთარი თავი გულთმისანი ჰგონია და ამ თემაზე კომენტარებს არ იშურებს. თუმცა, რამე საფუძვლიანი შეფასება ამ კვლევებზე უპირველეს ყოვლისა დაუფიქრებელი საქციელი იქნება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტანდარტი, რომ ასეთი ტიპის კვლევები დამკვეთისთვის საამებელი აბია. ვნახეთ, “რუსთავი 2” თურმე როგორი თავმდაბალი ყოფილა, როდესაც ამ კვლევებში საკუთარი თავი მეორე ადილზე წარმოგვიდგინა. მათ ამით საზოგადოებას საბაბი არ მისცეს, რომ კვლევებში მოცემულ რეიტინგზე ეჭვი გასჩენოდათ. ყველაზე საინტერესო კი მეორე დღეს “ოცნების” მიერ უკან დადევნებული კვლევა იყო, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ხალხი თავისთვის ერთობა. ხოლო უპირველეს ყოვლისა თავგზას პოტენციურ დამკვირვებლებს უბნევს. “მ.კ”: ასეთმა წინასაარჩევნო კვლევებმა იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, ხმა ვის მისცეს, რა ზეაგავლენა შეიძლება მოახდინოს? ს.ც: ჩემი აზრით, ასეთი ურთიერთსაპირისპირო პასუხების გამომზეურება ნეიტრალური ამომრჩევლისთვის გარკვეული შეურაცხყოფის მომგვრელი უნდა იყოს. ეს კი პირიქით, მათში დამატებით მოტივაციას გააჩენს, რათა საარჩევნო უბნებზე წავიდნენ, საკუთარი აზრი გამოხატონ და შური იძიონ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ ასეთი კვლევების შედეგად მიიღეს. ასეთი გაბრაზებული ამომრჩევლის განწყობა იგივეა, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე ძლიერიაო. დიახ, ეს არის თითოეული ამომრჩევლისგან იმ კანდიდატისთვის ტყვიის სროლა, რომელიც მას არ მოსწონს. ხოლო “ოცნება” და “ნაციონალები” ამ კვლევების გამოქვეყნებით ამ ხალხს უფრო აბრაზებენ და მათ მიმართ აგრესიულად განაწყობენ. ამიტომ საკუთარი პოლიტიკური ძალის განდიდების ცრუ მცდელობები ამომრჩევლის უფრო გაღიზიანებას იწვევს. “მ.კ”: თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ორ პარტიას ხალხის ამხელა მხარდაჭერა არ გააჩნია? ს.ც: ჩემი აზრით, ამ ორი კვლევის დამკვეთებს მხოლოდ ერთი სიმართლე აქვთ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. სხვა საზომი ამ პარტიებს არ გააჩნია. ისინი მხოლოდ პოლიტიკური ფასეულობების წარმატების სურვილით მოქმედებენ და არა რეალობის გაგების სურვილით. საინტერესოა ის გარემოება, რომ “ოცნების” მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კვლევაში მათ ლიდერად საკუთარი თავის შემდეგ, მეორე ადგილი არა “ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ პაატა ბურჭულაძის პარტიას დაუთმეს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ იმ მოტივით გააკეთეს, რომ ისინი მას ნაკლებ კონკურენტად თვლიან. ახლა კი ამერიკულ-გერმანული კვლევის მიმართ არც თუ დიდი უნდობლობა გამოიჩინეს და ბურჭულაძის პარტია ბიგვავას კვლევების მიხედვით საერთოდ გაქრა. ამ დალოცვილებს სახელისუფლო სკამისთვის ამდენი ხანი უწვალიათ და ცოტა კიდევ მოითმინონ. ისედაც ყველაფრით შეწუხებულ ხალხს თავს კიდევ ნუ მოაბეზრებენ. “მ.კ”: კვლევებით და მათი განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ეს ორი პატია ერთმანეთის გარდა ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას კონკურენტად ვერ აღიქვამს. როგორ ფიქრობთ, მოსახლეობაც მათ მსგავსად ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნებზეც მსგავს სიტუაციას უნდა ველოდოთ? ს.ც: ეს ორი პარტია უერთმანეთოდ უკვე დაშლილი იქნებოდა. ერთმანეთთან ჭიდილსა და დაპირისპირებაში ისე არიან დაკავებულები, რომ ქვეყნის მომავალი საერთოდ დავიწყებული აქვთ. მოსახლეობა კი კარგად ხედავს, რომ 4 წელი ქვეყანამ მხოლოდ ამ ხალხის ჩხუბში დაკარგა. ორმა პარტიამ ეს წლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში გაატარა, რითაც ამომრჩეველი ძალიან დაიღალა. აბა წარმოიდგინეთ, “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” ოპონენტი რომ არ ყოფილიყო, სახელისუფლო გუნდი სად იქნებოდა? ასეთი ურთიერთკრიტიკის გარეშე ისინი უფრო უსახურები იქნებოდნენ. ვფიქრობ, რომ არჩვენებზე სულ სხვა სიტუაცია იქნება. პარლამენტში სხვადასხვა პარტიებს მრავლად ვიხილავთ და ჩვენს პოლიტიკურ ორბიტაზე “ოცნება” და “ნაციონალები” მთავარ პლატფორმას დატოვებენ. “მ.კ”: რა იქნება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მთავარი გზავნილი, რომელიც ყველაზე კარგად “გაიყიდება”. 2012 წელს ვნახეთ, რომ მთავარ მესიჯებს სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენდა, რომელმაც ფაქტობრივად გაამართლა… ს.ც: წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მოსახლეობისთვის მთავარი გზავნილი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება. მმართველმა კოალიციამ, ვნახეთ, რომ დაპირებების უხვად გაცემა უკვე დაიწყო. მათ მასწავლებლების ხელფასები და პენსია 20 ლარით უკვე გაზარდეს. შესაბამისად, ცხადია, რომ “ქართული ოცნების” წამყვანი საარჩევნო მესიჯები სოციალური თემატიკის იქნება. “ნაციონალური მოძრაობის” პიარკამპანიაშიც პენსია ერთ-ერთი მთავარი თემაა, პარტიის წევრები პენსიის გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდნენ. უკვე აქტიურად ტრიალებს სატელევიზიო რეკლამებიც. “მ.კ”: რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ამ ეტაპზე ის მესიჯები, რომლითაც ამომრჩევლის გულის მოგებას შეძლებს? ს.ც: წინა არჩევნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ პარტიებს წელს უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ. მათი დაპირებები უფრო ნათელი და კონკრეტული უნდა გახდეს. თუმცა სოციალური ნიშა მმართველ გუნდს უკვე დაკავებული აქვს. ძალიან ცოტა ნიშაა დარჩენილი იმისთვის, რომ პარტიებმა რაღაც განსაკუთრებული მოძებნონ. “ოცნებამ” პრინციპში შეძლო, რომ, იგივე, საყოველთაო ჯანდაცვით, სოციალური შემწეობების პაკეტების მოცულობის გაზრდით მთლიანად ეს ნაწილი დაეკავებინა. ალბათ პარტიების საარჩევნო დაპირებები უფრო უნდა იყოს კონკრეტულ მიმართულებებზე და პროგრამებზე აქცენტირებული. ყველაზე მთავარი იქნება ის, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, პარტიებს მოუწევთ საარჩევნო პროგრამის ფინანსურად და დეტალურად დასაბუთება. მათ გასაგებად უნდა აუხსნან მოსახლეობას, საიდან მოაქვთ, ვთქვათ, იგივე გაზრდილი პენსიები.

Newstime