თურქეთმა შესაძლოა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად რუსეთს სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება მისცეს

97

თურქეთმა შესაძლოა, რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად იჯირლიყის ავიაბაზის გამოყენების უფლება მისცეს. ამის შესახებ ტელეარხის TRT-ს ეთერში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ეს ავიაბაზა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მონაწილეობა მიიღოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. რატომ არ ვითანამშრომლოთ ამ საკითხში რუსეთთან? ეს ტერორისტული დაჯგუფება ჩვენი საერთო მტერია და მის წინააღმდეგ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
თურქი მინისტრის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება რუსეთის სახელმწიფო დუმაში. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მოგვარება გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანისგან წერილი მიიღო. მასში თურქეთის პრეზიდენტმა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო სინანული გამოთქვა.

Newstime