გიგი წერეთელი: ჩვენ და უკრაინელებმა შევახსენეთ ეუთოს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები

184

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის დღევანდელი პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დასრულდა, სადაც დეპუტატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს, რომელშიც წევრ სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების შესახებ ამ ორგანიზაციის პოზიცია უნდა აისახოს.
აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა პლენარული სხდომის ფორმატში გაიმართება, თუმცა, დოკუმენტის დამტკიცებამდე, ქართულ მხარეს რეზოლუციაში შესწორებებისა და დამატებების შეტანის იმედი აქვს.
კერძოდ, ქართული მხარის შესწორებები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად: მოუწოდოს ეუთომ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში შედგენილი 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მონაწილეობით შედგა; ასევე უზრუნველყოს რუსეთმა საქართველოს რეგიონებში: აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვა და მიწოდება; ამასთან, საუბარია ზოგიერთ პოლიტიკური ტერმინების დაზუსტებაზე.
სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა გიგი წერეთელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი.
„ადამიანის უფლებათა კომიტეტში იყო საუბარი, რომელიც ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს და ვითარებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. მართალია, ევროპაში მიგრანტთა პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენც და უკრაინელებმაც შევახსენეთ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ ცხოვრების უფლება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება უკრაინის დელეგაციას, მათ მოუწოდეს ეუთოს, არ დაეთანხმოს შვეიცარიის მხრიდან წარდგენილ რეკომენდაციებს, რომ მოეხსნათ სანქციები და შეზღუდვები რუსეთის დუმის დეპუტატებს, რომლებსაც იგი ევროკავშირის ზონაში გადაადგილებისთვის აქვთ დაწესებული.

Newstime