მაია მიმინოშვილი – წელს სოციალური გრანტები შენარჩუნებულია, რაც ჩარიცხვის შემდეგ ამოქმედდება

299

ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, ჯერ კიდევ გუშინ, ყველა საგამოცდო ცენტრი  სრულ მზადყოფნაში იყო. ქვეყნის მასშტაბით, სულ 21 საგამოცდო ცენტრი გვაქვს და აქედან 9 თბილისში იმუშავებს, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა გადაცემა 2030-ში.

“დღეს იმ პროცესის სრული იმიტაცია გავიარეთ, რასაც ხვალ აბიტურიენტებს შევთავაზებთ. რეპეტიციამ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა და იმედი მაქვს, მთელი პროცესი ხვალიდან  22 ივლისამდე ასევე ჩაივლის. თუმცა, სისტემა მნიშვნელოვანწილად ტექნიკაზე და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული და მთელი წლის განმავლობაში სწორედ ამაზე ვმუშაობდით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პრევენციული ზომების მიღების საშუალება გვქონოდა”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მისი თქმით, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის პირველი ნაბიჯია.

“ამ ფორმატს ის უპირატესობა აქვს, რომ აბიტურიენტებისთვის მრავალფეროვანი დავალებების შეთავაზება შეგვიძლია, რას საშუალებას მოგვცემს, აბიტურიენტი კომპლექსურად შევაფასოთ. ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ აბიტურიენტი ტესტურ დავალებას ლეპტოპის ეკრანზე წაიკითხავს, პასუხების ფურცლები კი ისეთივე იქნება, როგორც წინა წლებში იყო. მათ ექნებათ შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები და – პასუხების ფურცლები, რომელზეც დავალებაზე პასუხებს გადაიტანენ”, – განაცხადა  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმართულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

“მიმართულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. ამ ინფორმაციას ველოდებით და ჩარიცხვებამდე ნუსხა აუცილებლად იქნება. იმედი მაქვს, ის მანამდე გამოქვეყნდება, სანამ აბიტურიენტებს პრიორიტეტული ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. ცვლილებების შესატანად მათ გარკვეული დრო გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგაც აქვთ”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მისი თქმით, სოციალური გრანტები შენარჩუნებულია, რაც ჩარიცხვის შემდეგ ამოქმედდება.

“სოციალური გრანტები შენარჩუნებულია, რაც ჩარიცხვის შემდეგ ამოქმედდება. ჩარიცხულმა სტუდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და სპეციალური კომისია სექტემბერში იმუშავებს იმაზე, აფინანსებს თუ არა სტუდენტს. თუ კომისია პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს, სტუდენტი სწავლას სახელმწიფოს ხარჯზე გააგრძელებს. კატეგორია, რომლებისთვისაც სოციალური გრანტებია განსაზღვრული, რამდენიმეა – მაღალმთიანი რეგიონები, ეთნიკური უმცირესობები, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სამამულო ომში დაღუპულთა შვილები და ა.შ.”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

წყარო: 2030.news

Newstime