ახალი სკანდალი მაგდა პაპიძის საქმეში

149

მაგდა პაპიძის პროცესი მედიისათვის გაიხსნა. დაიწყო დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა. ამ წუთებში იკითხება მაგდა პაპიძის ბიძაშვილი ლიანა შამუგია.

როგორც მოწმემ განაცხადა, ცხოვრობს და მუშაობს გორში. როდესაც ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების გარდაცვალების შესახებ გაიგო, მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და ლანა პაპიძესთან ერთად, ფერაძის ქუჩაზე მივიდა.

მოწმის თქმით, ამ დროისათვის ცხედრები ჯერ მისვენებული არ იყო და დარეჯან მინდიკაურის ოთახში შევიდნენ. მისი ჩვენებით, დაკითხვიდან დაბრუნებულმა დარეჯანმა თქვა, რომ მაგდა პაპიძეს თბილი ტანსაცმელი, ინსულინი სჭირდებოდა და უნდა მოეძებნათ.

“დარეჯანთან ერთად გავედი მაგდას ოთახში და დავიწყეთ ტანსაცმლის და ინსულინის მოძებნა. ინსულინს ვერ ვპოულობდით. ოთახში სისხლის ან რაიმე სპეციფიური სუნი არ იყო, არადა მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს სუნების მიმართ. რომ ყოფილიყო ვიგრძნობდი. არც მეზობლების მხრიდან დაფიქსირებულა კედელზე სისხლი. ვინმემ თუ დაინახა სისხლი ოთახში, რატომ არ მიმითითა რომ სისხლი იყო. არც დივანს არანაირი სისხლის კვალი არ ეტყობოდა. მეზობლებისაგან ისმოდა, რომ აბა, სხვა ვინ ჩაიდენდა დანაშაულს, თუ არა მაგდა. დარეჯანი კი ამბობდა, რას ჰქვია მაგდაო. მაშინ დარეჯანი ვერ იჯერებდა”, – განაცხადა მოწმემ.

მანამდე მაგდა პაპიძის დაკითხვა დახურულ სხდომაზე დასრულდა, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო. უცნობია სასამართლოში მიცემული პაპიძის ჩვენების დეტალები.

Newstime